სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (ინგლ. Sir Charles Spencer Chaplin Jr.; უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი ინგლ. Charlie Chaplin დ. 16 აპრილი, 1889 — გ. 25 დეკემბერი, 1977) — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმში „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“, 1914 წელს[1]. 1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ოცწუთიანი სიყვარულიდან“, მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დევიდ უორკ გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია United Artists.

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა[3]. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრება ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი.

ჩარლი ჩაპლინი / Charlie Chaplin